საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი აჭარელ ფერმერებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აჭარაში იმყოფება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში ციტრუსის მოყვანით დაკავებულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის" საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანიც არის დაეხმაროს ქართველ ფერმერებს ჭარბი მოსავლის საზღვარგარეთ გატანაში. პრემიერის განცხადებით, ფერმერების სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანია ჩაიბარებს ჭარბ პროდუქციას და უზრუნველყოფს მის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას, საბაჟო პროცედურების გავლას და რეალიზაციამდე საწყობებში განთავსებას.

ვანო მერაბიშვილმა აგრეთვე ისაუბრა იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ციტრუსების მოყვანით დაკავებულ ფერმერებს აწუხებთ, კონკრეტულად კი ციტრუსების შენახვის და რეალიზაციის მოკლე ვადებზე. მისი განცხადებით, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი 7 სახეობის ციტრუსების გამოცდა. აღნიშნულმა ჯიშებმა უნდა უზრუნველყოს მანდარინის მოსავლის მიღების პერიოდის რამდენიმე თვეზე გადანაწილება და მოსავლის გაორმაგება.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი და ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში ნაკაშიძეების ოჯახს ეწვია და 3000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მანდარინის ბაღი დაათვალიერა. ოჯახის უფროსთან, მემედ ნაკაშიძესთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მანდარინის ამჟამად გავრცელებული ჯიშების თანამედროვე სახეობებით ჩანაცვლების მნიშვნელობაზე, რაც მკვეთრად გაზრდის მოსავლის რაოდენობას.

პრემიერ-მინისტრი აჭარელ ფერმერებს შეხვდაპრემიერ-მინისტრი აჭარელ ფერმერებს შეხვდაპრემიერ-მინისტრი აჭარელ ფერმერებს შეხვდა