საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა, სადაც რამდენიმე მშენებარე და დასრულებული ობიექტი მოინახულა. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ქარელში იმყოფებოდა, სადაც მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტებზე უმუშევრობის შემცირებაზე, სოფლის მხარდაჭერაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის რაიონში იგეგმება 5 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა.

ქარელის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ქალაქ გორში გორიჯვართან მისასვლელი გზის მშენებლობას ესტუმრა. გზატკეცილის სიგრძე შეადგენს 1500 მეტრს, რომლიდანაც 900 მეტრი ბეტონის საფარი იქნება. გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის.
გარდა ამისა, ქალაქ გორის ცენტრში პრემიერ-მინისტრმა აკაკი წერეთლის ქუჩა გახსნა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გორის რეაბილიტაციის ფარგლებში წერეთლის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 53 სახლს, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები და დაიგო ქვაფენილი.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გორში მარცვლეულის საშრობი გახსნა. ადგილობრივ ფერმერებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაკეთების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სულ გორის რაიონში 8 ასეთი საწარმოს გახსნა იგეგმება. გორის მარცვლეულის საშრობი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და საათში 30 ტონის, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში 500-600 ტონა სიმინდის გაშრობა არის შესაძლებელი. მარცვლეულის საშრობ ცენტრში უკვე გამშრალი 14 000-15 000 ტონა სიმინდის შენახვა და დასაწყობებება არის შესაძლებელი.