საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს და წალკის რაიონებში იმყოფებოდა. თეთრიწყაროს რაიონში პრემიერ-მინისტრი მეღორეობის კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსი საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციით შენდება. ფონდის და კომპლექსის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსგავსი ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საშუალებით ხორცის და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის ჩანაცვლებაზე.

თეთრიწყაროს მეღორეობის კომპლექსი, რომელიც თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სრული დატვირთვით დეკემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და წელიწადში 1500 ტონა ხორცს აწარმოებს. საწყის ეტაპზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ, განხორციელდება 650 დედა ღორის იმპორტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელთა გამრავლებაც ადგილზე მოხდება.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი წალკის რაიონის სოფელ დარაქოიში, ფერმერ ბესო ჯობავას მეურნეობაში 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესილი კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. პირველად საქართველოში, კარტოფილის მოსავლის აღება სპეციალიზირებული კარტოფილის ამკრეფი კომბაინით განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული კომბაინით მოსავლის აღება ფერმერებს ორჯერ უფრო იაფი დაუჯდებათ - 1 ჰექტარზე 600-700 ლარის ნაცვლად მხოლოდ 350 ლარი. სულ საქართველოში მსგავსი ტიპის 6 ერთეული კარტოფილის ამკრეფი კომბაინი მოქმედებს.