საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, მრავალწლიან სასჯელს იხდიდა, რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში განიხილება და შედეგად, განვლილი პერიოდის განმავლობაში, ჯამში საქართველოს 6 მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც საკუთარ ოჯახებს უკვე დაუბრუნდნენ.
„ამაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა უწყებებმა. ალბათ, ივნისის თვეში კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე მოქალაქე გათავისუფლდება და იმედი გვაქვს, ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება. ამ საკითხს ჩვენ ალბათ პრაღაში, შემდეგ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვიხილავთ და მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.