საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-07

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, პროკურატურის სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმები განიხილეს დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების შესახებ დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, ასევე, საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენდა.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს. უკვე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.