საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრეს-რელიზი ამოსაბეჭდი ვერსია

2016 წლის 23 აგვისტო

თბილისი 

ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის საერთოევროპულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„დღეს საქართველო უერთდება ევროპას ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად, რადგანაც სწორედ ასეთი რეჟიმი, სამწუხაროდ, წარმოადგენს საქართველოს წარსულის მნიშვნელოვან ნაწილს. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ისევე, როგორც მილიონობით ევროპელს, მოუწიათ ბრძოლა თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისა და ფუნდამენტური ადამიანური უფლებების აღსადგენად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად.

საქართველოს მტკიცე სვლა თავისუფლებისკენ დაიწყო 25 წლის წინ, 1991 წელს. წელს კი, ოქტომბერში, ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო სულ რამდენიმე წლის წინ. საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის დაცემის შემდეგ ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს ქართველთა ახალ თაობებს აქვთ დასავლურ და ლიბერალურ გარემოში თავისუფლად ცხოვრების, სწავლის, მოგზაურობისა და მუშაობის შესაძლებლობა, და ამის კიდევ ერთი დასტურიც იქნება მომავალი დემოკრატიული არჩევნები ისევე, როგორც ჩვენი მიმდინარე და მზარდი ასოცირება ევროკავშირთან.

მეორე მხრივ, ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი წარსული. სწორედ იმ ტრაგიკულ დროს ცხოვრება არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასე მტკიცედ გვწამს საქართველოს ევროპული არჩევანი".