საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კენჭისყრა ევროპარლამენტის კომიტეტში გზას უხსნის ვიზების ლიბერალიზაციას საქართველოსთვის ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი, 2016 წლის 5 სექტემბერი - საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის დადებით გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების ლიბერალიცასთან დაკავშირებით, რითაც საბოლოოდ დაფიქსირდა პარლამენტის პოზიცია მომდევნო პლენარული კენჭისყრის წინ.

„ევროპარლამენტარ გაბრიელის ანგარიში ძალიან პოზიტიურია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი მტკიცე მხარდაჭერა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. „საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ჩვენ რეკორდულ დროში შევასრულეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ევროკავშირის მოთხოვნებს. ჩვენ მოველით, რომ როგორც პარლამენტის პლენარული სესია, ისე საბჭო, სწრაფად მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევ მოველით, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას", - განაცხადა მან.

საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კიდევ ერთი კონკრეტული და პრაქტიკული სარგებელი. „საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის გზას, რომლის წყალობითაც ჩვენ ვატარებთ სწრაფ რეფორმებს. ჩვენს მოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ამ გზას კონკრეტული შედეგები მოაქვს. ვიზების ლიბერალიზაცია მათ მისცემს ევროკავშირში მოგზაურობის, საქმიანობის წარმართვისა და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობას".

2013 წლის თებერვალში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოში მიღებული იქნა 60 საკანონმდებლო ცვლილება, თითქმის 70 სამართლებრივი აქტი, ინსტრუქცია და რეგულაცია, ასევე რვა სტრატეგია. გარდა ამისა, რატიფიცირებულია შვიდი საერთაშორისო კონვენცია, დაარსდა რამდენიმე ახალი ინსტიტუტი და გაძლიერდა არსებული ინსტიტუტები.