საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-25

თბილისი, 25 ნოემბერი, 2016 წელი: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„საქართველო უერთდება მოწოდებებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მიუხედავად გარემოებებისა. აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ძალადობის მსგავსი ფორმები დღევანდელი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და უმეტეს შემთხვევებში არაფერი კეთდება ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად.

ქალთა მიმართ ძალადობა ღრმა შეშფოთების საგანია და საზოგადოების სხვადასხვა ფენის პრობლემას წარმოადგენს. ასაკის, რელიგიისა და ქვეყნის მიუხედავად, ეს ფენომენი ერთნაირად ეხება ყველას. გაეროს მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამი ქალიდან ერთი ძალადობის მსხვერპლია. შეუძლებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით.

მიუხედავად ამისა, ქალთა უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მთავრობებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ. საზოგადოება, რომელშიც გენდერული უპირატესობა წარსულის გადმონაშთია, ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა გამართული სამართლებრივი სისტემა, განათლება, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და ამგვარად, თავისუფლება ჩაგვრისაგან.

საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ქალთა უფლებრივი თანასწორობა და დაიცვას ისინი ძალადობისა თუ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან. საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ქართული საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციოს ეს პრინციპი. ამ მიზნით, ხელისუფლებამ ზაფხულში დაამტკიცა ორი ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისათვის. აღნიშნული დოკუმენტები ემსახურება გაეროს საბჭოს რეზოლუციებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 2014 წლიდან საქართველო ასევე წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის ხელმომწერ მხარეს. ამასთანავე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან საინფორმაციო კამპანიებს აორგანიზებს.