საქართველოს მთავრობა – სიახლეები

8 თებერვლიდან ქუთაისს ახალი ავტობუსები მოემსახურება

8 თებერვლიდან ქუთაისს ახალი ავტობუსები მოემსახურება. ქალაქს 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

EURO 5-ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი:

  • ქუთაისი (60)
  • რუსთავი (40)
  • გორი (30)
  • ზუგდიდი (25)
  • თელავი (10)
  • ფოთი (10)
  • ბათუმი (8 - ელექტროავტობუსი)

აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.

პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მიმდინარეობს. 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც (გარდა შაბათ-კვირისა);

ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე. შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

► 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა);
  • გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).


► 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება).
  • კვების ობიექტები შეძლებენ ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას (გარდა შაბათ-კვირისა).