საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

მთავრობა დევნილებისთვის ახალ პროექტს იწყებს ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-20

2

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბინების შეძენის მიზნით, მენაშენეთა კონკურსი ცხადდება,-აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მენაშენეთა კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა იმ მენაშენეებს შეეძლებათ, რომლებიც დედაქალაქში საქმიანობენ. პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. პირველ ეტაპზე საუბარია მშენებარე სახლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების შესყიდვაზე. მეორე ეტაპი კი გულისხმობს, ამავე მიზნით, წლების წინ შეჩერებული მშენებლობებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას და მათ გააქტიურებას.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის -„სოფლის სახლი" მიმდინარეობის შესახებ, რაც დევნილი მოსახლეობისთვის სოფლად სახლის შეძენას ითვალისწინებს. სოზარ სუბარის განმარტებით, უკვე შემოსულია 350 განცხადება, რომელთა დიდი ნაწილი წლის ბოლომდე დაკმაყოფილდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დევნილები თავად არჩევენ სახლებს სოფლად, თავისი ინფრასტრუქტურით, სახნავ-სათესი მიწით და ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა საქონლით. ასე რომ, დევნილი მოსახლეობა სოფლად იძენს არა მხოლოდ სახლს, არამედ მათ უჩნდებათ არსებობისა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა,"-განაცხადა სოზარ სუბარმა სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური