საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-21

საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპული კვალიფიკაციების სააგენტოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხარისხის კონტროლისა და შეფასების სისტემა მთლიანად იქნება ევროპაში არსებული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოში გაცემული დიპლომი და კვალიფიკაცია აღიარებული იქნება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე- „განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები" სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განათლების სტრატეგიის მნიშვნელობას შეეხო. მისი განმარტებით, საქართველოში პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მოიცავს აღნიშნული სფეროს ყველა კომპონენტს. მანვე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს განათლების სისტემის სრული კვლევის მხარდაჭერისთვის.

„განათლებისა და მეცნიერების სისტემის შესწავლამ ნათლად დაგვანახა, რომ არათანამიმდევრული რეფორმების გატარება და არასისტემური მიდგომა ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც აფერხებდა განათლების სექტორის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, განათლების სექტორის შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის, შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები. მისასალმებელია, რომ დოკუმენტის შემუშავებაში დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ განათლების სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები,"-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდება.

„დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, გაიმართება დისკუსია და განხილვა. ამის შემდეგ დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ამ დოკუმენტს, რომელიც გახდება სამოქმედო გეგმა ჩვენთვის. ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, მასში გაწერილია განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, გაზიარებულია ევროგაერთიანებისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები,"-განაცხადა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ემყარება „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020"-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს - დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას. ასევე, განათლების სტრატეგია ითვალისწინებს კვლევისა და სწავლების ერთიანობის აღდგენას და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრას.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მსოფლიო დონის მეცნიერები ჰყავდა და დღესაც ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ. აუცილებელია მათი რესურსის მაქსიმალურად გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია ახლავე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდის საქმეს. ჩვენ საამისოდ დიდი პოტენციალი გვაქვს, გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ. შარშან გადაიდგა პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით - 157-მა დოქტორანტმა მიიღო საკმაოდ მოცულობითი სახელმწიფო გრანტი, რამაც მათ საშუალება მისცა სრულფასოვნად გაეგრძელებინათ სამეცნიერო კვლევა. ასეთი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაიზრდება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები.

"საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა აღნიშნული სექტორის გამჭირვალეობის და ეფექტიანობის გაუმჯობესება უზრუნველყო. ამის მიუხედავად, მსოფლიო ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში განათლების ყველა დონეზე მთავარ გამოწვევად ხარისხის გაუმჯობესება რჩება. კერძოდ, მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება ისეთ ძირითად სფეროებში, როგორებიცაა წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,"- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური