საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გახსნაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის" გახსნას დაესწრო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის თანადაფინანსებით აშენდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზატორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის კიდევ ერთი საშუალება, რაც ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანადაფინანსებით 90-ზე მეტი ახალი საწარმო გაიხსნა და 490-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა.
"სახელმწიფო კერძო სექტორს ყოველთვის მხარში დაუდგება. ჩვენი ხელისუფლების სახელით მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ პირადად მე ვიქნები ყოველი კეთილი წამოწყებისა და საინტერესო პროექტის მხარდამჭერი, რომელიც იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი კერძო სექტორის განვითარებისთვის",- აღნიშნა პრემიერმა.
შპს „აგრიკომის" "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის" მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა 16 000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება, მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად - ხორბალი და სიმინდი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური