საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ინვესტორებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-25

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსხვილ ინვესტორებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
"საქართველო არა მხოლოდ ღიაა ბიზნესისთვის, არამედ უსაფრთხოც. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ხარჯებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და დიდ მოგებაში გამოიხატება. გარდა ამისა, საქართველო გთავაზობთ რეგიონში ბიზნესის წარმოების ახალი შესაძლებლობების ფართო სპექტრს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ბიზნესის განვითარების კუთხით.

"ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი ინსტიტუტები და უზრუნველვყავით სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო. ჩვენ დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, აღმოვფხრეთ კორუფცია და უზრუნველვყავით მიუკერძოებელი სასამართლოს ხელმისაწვდომობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ კერძო საკუთრების უფლების დაცვას, ინტელექტუალური საკუთრების ჩათვლით. მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიზანიცაა ღია და სამართლიანი საბაზრო კონკურენციის, ქმედითი საფინანსო სისტემისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტიების შექმნა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით ამ ძლიერი სტრატეგიების წყალობით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების მხრივ და მე-15 ადგილზე - მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში, რომლის მიხედვითაც საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა და შვეიცარია.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის თავისუფალ გასასვლელს გულისხმობს. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი მიმართულებების მოდერნიზება, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორები სულ მალე ეწვევიან საქართველოს და თავად დარწმუნდებიან ქვეყანაში არსებული ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი და მარტივი პირობებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური