საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-26

3

ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმს ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია და განაცხადა, რომ საქართველო, სტაბილურობისა და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით, რეგიონის ლიდერია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებშიც აისახა - მსოფლიო ბანკის უკანასკნელი პროგნოზის თანახმად, 2014 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 6.3 პროცენტს მიაღწევს; ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნების სიაში; საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების - „Fitch" და „Moody's" რეიტინგებში საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" ქვეყანა 3 საფეხურით დაწინაურდა; კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას.

"ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საექსპორტო შესაძლებლობები. 2012-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა 70 პროცენტით, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული პირობები მხოლოდ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან, სულ 3 თვეა, ამოქმედდა. წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12 პროცენტით, ხოლო იმპორტს - 7.5 პროცენტით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას რეგიონში ბუნებრივ სატრანსპორტო და ბიზნესჰაბად აქცევს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას, რომელიც 2015 წლისთვის დასრულდება და ტვირთების გადაადგილების პერიოდს 2-ჯერ შეამცირებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით, ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მსხვილი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. პრემიერის ინფორმაციით, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება და პროექტში მონაწილეობის სურვილი 12-მა კონსორციუმმა უკვე გამოხატა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დაარსდება, რაც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის ნავთობსადენებისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მნიშვნელობასაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს „შაჰ-დენიზის" საბადოს მეორე ფაზის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე განვითარდება სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რაც დამატებით უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით.

„კონსორციუმი გეგმავს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტირებას საქართველოში. შედეგად, საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რომელიც მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა, ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორს, რომლის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრემიერი ლატვიელ ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის სახელით მაქსიმალურ მხარდაჭერას და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მთავრობის ისეთი უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულება, როგორიცაა - მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა და აგრეთვე სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო. შესაბამისად, თქვენთვის, როგორც პოტენციური ინვესტორებისთვის, საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი იქნება მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, უფრო მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობებში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლატვიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას არასოდეს გადაუხვევს.

ქართველ ბიზნესმენებს ლატვიაში ბიზნესის წარმოებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერჟინში.

„მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიას ეწვევა და ჩვენ განვაგრძობთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ამ პროცესს შეუწყობს ხელს. ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობის გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პროფესიული და უმაღლესი განათლების სფერო, რადგან სწორედ განათლება არის ბაზა ყველა სექტორისთვის. დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის საბჭოში ლატვიის პრეზიდენტობისას ბევრს მივაღწევთ, საქართველოს თავს დაცულად ვაგრძნობინებთ და აღვნიშნავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამი შეთანხმება გაფორმდა - ოქმი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა; ლატვიის რესპუბლიკის კეთილდღეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და ლატვიის კეთილდღეობის მინისტრის მოადგილემ.