საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საპატრულო პოლიციის იუბილეზე ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-27

3

მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან კარგად ვიცი თქვენი მძიმე სამუშაო და მე ამას ვაფასებ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც დეპარტამენტის დაარსების 10 წლისთავი მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციის საპასუხისმგებლო საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა.

"ჩვენ ამ მეტად მოკლე დროში რადიკალურად შევცვალეთ მიდგომები მოქალაქეების მიმართ და თითოეული პოლიციელი დავაბრუნეთ ქვეყნის სამსახურში. დღეს მოქალაქეს აღარ აქვს იმის განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის. დღეს მოქალაქეს აქვს პოლიციელის იმედი და ეს არის თქვენი დამსახურება. დღეს, საქართველო ამაყობს თქვენით და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი", - მიმართა პრემიერმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ადამიანების ვიწრო ჯგუფს არ ესმის იმის მნიშვნელობა, რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან
საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩემი დევიზია - ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების და წინსვლის საწინდარი.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება - რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსახვავებით, მეც, თქვენთან ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა ქვეყანამ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად",  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური