საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

ცხავერს დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-12

   

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის მოსახლეობას, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება, - ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერი ადგილობრივებს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და მათ ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა.
„ძნელია წარმოიდგინო, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდნენ. 10 წლის განმავლობაში ხალხს ილუზიაში აცხოვრებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ჩვენს ხელისუფლებას დახვდა ჩაბნელებული სოფლები, სადაც ხალხს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, არ ჰქონდა წყალი და გზა. მომავალი წლის ბოლოს საქართველოში აქამდე უშუქოდ დარჩენილ ყველა სოფელს ექნება ელექტროენერგია. ჩვენ არ გავცემთ ცრუ დაპირებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სოფელ ცხავერის ელექტრიფიცირება სამთავრობო პროექტის „სინათლე ყველა სოფელს" ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ელექტრიფიცირების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დღეისთვის დასრულებულია 13 სოფლის ელექტრიფიცირება, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 9 სოფელში, უახლოეს მომავალში კი ელექტროქსელის გაყვანა კიდევ 5 სოფელში დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები მუცოში, ელექტრიფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური