2014 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-07

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 7 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს, დაემატა 8 საკითხი, დამტკიცდა 26 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ." პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ამ მუნიციპალიტეტებისთვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით. მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის, საექიმო კადრების დამკვიდრების ხელშეწყობის ერთ-ერთ ინსტრუმენტად სამინისტრო განიხილავს დეფიციტურ და პრიორიტეტულ სპეციალობებში საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივ დაფინანსებას, მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებით, რომლის ფარგლებშიც დარეგულირებული იქნება მაძიებლების ვალდებულება, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ, გარკვეული ვადით (3 წელი), წინასწარ განსაზღვრულ მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში დასაქმებასთან დაკავშირებით.

მთავრობის კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე."

დადგენილებაში ცვლილებების შეტანა განპირობებულია საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განკარგვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გაცემულ კრედიტზე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თანხის დაჯავშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის მიერ სააგენტოსთვის გახსნილ შესაბამის ქვეანგარიშებზე არ განხორციელდება. ამის ნაცვლად მოხდება პროგრამის ბენეფიციარზე გაცემულ კრედიტზე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თანხის, კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ასიგნებებში გათვალისწინება. ხოლო, კომერციული ბანკის მიერ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის გამოყენების შემთხვევაში, თანხების გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ასიგნებებიდან. ეს სახელმწიფოს მიცემს საშუალებას ეფექტიანად გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები.

ასევე, ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებულ იქნა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსურ რესურსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით, შესაბამისად, პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი - უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში პირობებით გადაცემას. სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" მიმართულებად განისაზღვრა სხვადახვა ინდუსტრიის, მათ შორის სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე." კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტთა მიერ გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის (საექსპერტო მომსახურება) არ ჩათვლას საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას ექსპერტთათვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური