2014 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-30

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 30 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს, დაემატა 19 საკითხი, დამტკიცდა 29 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 სამოქმედო გეგმის შესახებ", რაც 12 ინდექსის გამოთვლის წესის ცვლილებას გულისხმობს. მეთოდოლოგიის გადახედვის შედეგად, ამოღებულ იქნა ძნელად გადამოწმებადი ცვლადები და ამავდროულად ის ცვლადები, რაც სუბიექტური შეფასებით მანიპულირების საშუალებას იძლეოდა. ახალი ფორმულა უფრო მეტად ისეთ ცვლადებზეა ორიენტირებული როგორიცაა შემოსავალი, პოტენციურად შემოსავლის მომტანი ქონება, ოჯახის წევრების დემოგრაფიული მდგომარეობა, განათლების დონე, სპეციალური საჭიროებები, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. ამავდროულად, ძველი მეთოდოლოგია უფრო ნაკლებად ხედავდა იმ ოჯახებს, სადაც ბავშვიც არის. ვინაიდან ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ბავშვიანი ოჯახები გაცილებით უფრო ღარიბები არიან, ვიდრე უბავშვო (26% ბავშვიანი ოჯახებისა და 17% უბავშვო ოჯახების არის ეროვნული სიღარიბის ზღვარს), საჭირო გახდა ამ კონტექსტის გათვალისწინება. ამავდროულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობა მეთოდოლოგიაში იწვევდა მოსახლეობის ძლიერ უკმაყოფილებას. სოციალური აგენტის მიერ სუბიექტური შეფასების კომპონენტი, რაც თავის დროზე ფორმულაში ჩაიდო ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას. სუბიექტური შეფასების კომპონენტი ახლანდელ ფორმულაში დარჩება მხოლოდ მონიტორინგისთვის.

მთავრობის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 სამოქმედო გეგმის შესახებ". ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული გეგმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ფსიქიკურ კეთილდღეობას, მოახდინოს ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, დაიცვას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები და შეამციროს საქართველოში ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა, უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მომავალი მოწყობა დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: მოქნილობა, მდგრადობა, სტიგმატიზაციის შემცირება, საჭიროებებსა და შედეგზე ორიენტირებულობა, მოვლისა და მკურნალობის მაღალი სტანდარტები და ფინანსური ტვირთის სამართლიანი გადანაწილება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური