საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

კერი მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერისკენ - Agence France Presse

 

 

კერი მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერისკენ

2014-02-26


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თვალს ადევნებს მოულოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს უკრაინაში. ოთხშაბათს მან მოუწოდა საქართველოს, დააჩქაროს ევროკავშირთან დაახლოების გეგმების განხორციელება.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისთანავე კერიმ, როგორც ამერიკის წამყვანმა დიპლომატმა, დაუდასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ვაშინგტონი გეგმავს დაფინანსების ახალი ნაკადის უზრუნველყოფას, რათა დაეხმაროს თბილისს ევროინტეგრაციის პროცესში.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს „საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას", - განაცხადა კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დაწყებამდე.
უკრაინის ლიდერის, პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, უარი თქვას ევროკავშირთან სწორედ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, გამოიწვია უკმაყოფილება და პროტესტის მრავალთვიანი ტალღა უკრაინაში, რაც პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდა კიდეც.
„ეს მოწოდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ არ განასახიერებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩვენსა და სხვა რომელიმე მხარეს შორის ნულოვანი ჯამის თამაშს", - ამტკიცებს ჯონ კერი.
„ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ადამიანებს მიეცეთ არჩევნის თავისუფლება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდის საშუალება".
გარდა ამისა, კერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას, მიიღოს საქართველო როგორც სამხედრო ალიანსის წევრი. მან ასევე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კიდევ უფრო დიდი ოდენობის დახმარებას გამოუყოფს საქართველოს, რათა მან „მიაღწიოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებას და ოკუპირებული ტერიტორიების გაყოლებაზე ბორდერიზაციის პროცესის მიერ მიყენებული ზიანის მინიმალიზაციას".
საქართველო ერთ-ერთია იმ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთაც ევროკავშირმა შესთავაზა ასეთი ხელშეკრულება, მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ჩათვლით.
თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა და უკრაინამ ბრიუსელის თვალწინ პირი იბრუნეს მოსკოვისაკენ მას შემდეგ, რაც მათ ეუწყათ, რომ არასწორი არჩევნის გაკეთების შემთხვევაში ბევრს დაკარგავდნენ.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ვაშინგტონის მადლიერია მხარდაჭერისათვის ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ მიმავალ გზაზე.
„თქვენი მხარდაჭერა მძლავრი სტიმულია, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს გადაწყვეტილებას, შევასრულოთ დემოკრატიის აღმშენებლობის ხშირად მძიმე, მაგრამ საპატიო ამოცანა ჩვენს პრობლემატურ რეგიონში მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთს ", - განუცხადა მან კერის.
2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომის მიზეზი იყო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონი, რომელიც აფხაზეთთან ერთად 1991 წელს გაემიჯნა თბილისს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აღიარა ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა და ჩააყენა ათასობით ჯარისკაცი ამ ტერიტორიებზე, რასაც თბილისი განიხილავს როგორც დე-ფაქტო ოკუპაციას.
ღარიბაშვილი ასევე მიესალმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხის შეტანას მოლაპარაკებებში.
საქართველოს აქვს „განსაკუთრებით მომგებიანი ადგილმდებარეობა და პოტენციალი, იქცეს კარიბჭედ ევროპასა და ჩინეთის მომგებიან ბაზრებს შორის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის გავლით", - დაამატა მან.
კერიმ, თავის მხრივ, დაამატა, რომ შეეცდება ესტუმროს საქართველოს უახლოეს თვეებში.