საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

The Guardian - მიზანმიმართულ და ენერგიულ ახალგაზრდა ლიდერს ახალი დინამიკა შეაქვს საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს თანამედროვე, დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო ამოსაბეჭდი ვერსია

„წინ, ახალი საქართველოსთვის" - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის დამატება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს.
„მიზანმიმართულ და ენერგიულ ახალგაზრდა ლიდერს ახალი დინამიკა შეაქვს საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს თანამედროვე, დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც მკაფიოდაა ორიენტირებული დასავლეთზე" - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ საქართველოს პრემიერთან.
საქართველოს The Guardian -ის დამატება დაეთმო, რომელსაც კომპანია The Report ყოველთვიურად, სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ამზადებს.
კითხვები მთავრობის მეთაურთან საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომებს, ქვეყნის ტრანსფორმაციას და ევროპულ პერსპექტივას შეეხება.
The Guardian-ის დამატებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო ევროპულ ოჯახში საკუთარ ადგილს იკავებს.
„იმით, რომ კავკასიაში ღვინის მწარმოებელი ქვეყანა კარს უხსნის დასავლელ პარტნიორებს, იქმნება უამრავი შესაძლებლობა ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში საქმიანობისთვის", - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემაში საუბარია საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ ძეგლებზე, ასევე, აღნიშნულია, რომ ეს არის „ისტორიის ქვეყანა და ქვეყანა ყველა სეზონისთვის".
პუბლიკაცია, ასევე, მოიცავს დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალების და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ.
„საქართველო, როგორც ლოგისტიკური ჰაბი, საკუთარ პოზიციებს აძლიერებს. მისი მიზანია, გამოიყენოს საკუთარი სტრატეგიული მდებარეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძველი კავშირების გასაცოცხლებლად", - წერია The Guardian -ის დამატებაში.
ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ასევე, განთავსდა The Guardian-ის ვებ-გვერდზე (http://www.theguardian.com/the-report/georgia) და ხელმისაწვდომი იქნება ერთი წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის წევრებთან ინტერვიუებს, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გამოცემაში 10 ფურცელი ეთმობა.