საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას ერთი წლის განმავლობაში ვარაუდობს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-20

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა bne IntelliNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს აქვს იმედი, რომ ერთი წლის განმავლობაში გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან და გააგრძელებს „პრაგმატული" მიდგომის გამოყენებას რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებში, რაც, თავის მხრივ, პოტენციურ დაბრკოლებას წარმოადგენს ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

ყოფილ საბჭოთა მბრძანებელთან უმძიმესი ურთიერთობების რამდენიმეწლიანი ისტორიის შემდეგ, ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გაჩაღებული ომისა და 2008 წლის სისხლისმღვრელი ომის მერე, დღეს, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს კარი იღება ყველა მიმართულებით და არჩევანი კეთდება როგორც აღმოსავლეთზე, ისე დასავლეთზე.

„საქართველოს აქვს ძალიან ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. საქართველო არის ბუნებრივი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ასეთია რეალობა", - განუცხადა 33 წლის პრემიერ-მინისტრმა გამოცემა bne IntelliNews-ს აბრეშუმის გზის ფორუმის დროს, რომელიც ჩატარდა თბილისში, 15-16 ოქტომბერს, ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებით. მასში მონაწილეობა მიიღო 32 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ამ ისტორიული სავაჭრო დერეფნის აღდგენის გზები.

შვიდი წელი გავიდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის გამო რუსეთთან ომის შემდეგ, რომელმაც დააფრთხო ინვესტორები და მოკავშირეები. დღეს კი საქართველომ დაამტკიცა, რომ არის „სანდო და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა ვაჭრობისთვის, ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქციისთვის, რომლებიც ამ დერეფნის გავლით მიედინება".

ცხადია, აბრეშუმის გზა ენერგორესურსებით იქნება მოფენილი, თუმცა ეს პროექტი გულისხმობს ყველა სახის პროდუქციის გადატანას, ჩინეთი კი, ამ თამაშში წაუგებელია. თუ რამდენად განხორციელებადია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ამის ანალიზი დასრულდა და ცხადი გახდა, რომ ეს შეთანხმება გაზრდის საქართველოდან ჩინეთში ყოველწლიურ ექსპორტს 95 პროცენტით და ჩინეთიდან იმპორტს - 1.7 პროცენტით. „ჩინეთში ვიზიტის დროს [სექტემბერში] მივიღე დასტური [შეთანხმების პირობებზე] შესაბამისი სამუშაოების დაწყებაზე, და ეს დაიწყება 5 ნოემბერიდან, - აცხადებს ღარიბაშვილი, - დარწმუნებული ვარ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება და შეიძლება დასრულდეს ერთი წლის განმავლობაში".

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დააგვირგვინებს მსგავსი ხელშეკრულებების მთელ რიგს, რომლებსაც ბოლო წლებში კავკასიის ამ პატარა ქვეყანამ (მოსახლეობა: 4.4 მილიონი) მოაწერა ხელი. 2014 წლის ივნისში გაფორმდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ბევრ წევრ ქვეყანასთან და მეზობელ თურქეთთან, ხოლო სექტემბერში დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. „ამიტომაც ვართ უნიკალური ქვეყანა", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

„რუსული რულეტკა" რუსეთის აჩრდილის ზრდის ფონზე თბილისი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალ ვაჭრობას სხვადასხვა ქვეყანასთან. რუსეთი ყოველთვის იყო ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზარი, ასევე, ფულადი გადარიცხვების წყარო. შესაბამისად, როცა 2006 წელს რუსეთმა შემოიღო ემბარგო ქართულ პროდუქტებზე, ქვეყანამ ერთბაშად დაკარგა თავისი ძირითადი საქონლის (მაგალითად, ღვინო) საექსპორტო ბაზრის 80 პროცენტი.

ნათქვამია, მეზობლებს არ ირჩევენო. ამიტომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების" კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება გახდა. პრემიერი-მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალ მთავრობას, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, უფრო პრაგმატული დამოკიდებულება აქვს. „ბოლო სამ წელიწადში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე რეგიონში. ჩვენ ვართ პრაგმატულები. ჩვენ გვინდა და ავიცილებთ კიდეც თავიდან კონფლიქტებს, რადგან გვჯერა, რომ პრობლემები უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად და არა მათი ესკალაციის გზით".

კოალიციის პოზიციას ეთანხმება თედო ჯაფარიძეც (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), რომელიც ახლახან გამოვიდა სიტყვით ბუქარესტის ფორუმზე: „ჩვენ გვინდა ცხოვრება რუსეთის მეზობლად და არა რუსეთში".

საქართველო განიხილავს რუსეთს როგორც ოკუპანტს, რადგან რუსული ქვედანაყოფები იმყოფებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს. „რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას. რასაკვირველია, ჩვენ სასტიკად ვგმობთ აფხაზეთისა და [სამხრეთ] ოსეთის ტერიტორიების მცოცავ ანექსიას (ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ხდება, სწორედ ანექსიაა). [რუსეთი] აშკარად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაორაზროვნად განვაცხადეთ, რომ რუსეთთან პასუხისმგებლობიანი და პრაგმატული დიალოგი აუცილებელია", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი დაბეჯითებით აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ურყევია. „[ეს არის] ხალხის არჩევანი. ჩვენ ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ ამ პოლიტიკას. მე მჯერა, რომ სტაბილური მეზობლით რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული", - აცხადებს იგი. „ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, - ეს არის მისწრაფება ჩვენი მომავალი თაობისათვის, რათა მას ჰქონდეს უკეთ დაცული მომავალი.

ამგვარი ამბიცია არ არის მისაღები კრემლისთვის და პროვოკაციად აღიქვამს საქართველოს ნებისმიერ ქმედებას, რომლებიც მიმართულია დასავლურ სამხედრო ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ნატოს ბოლო შეკრებაზე, 2014 წლის სექტემბერში, საქართველომ ვერ მიიღო მისთვის სასურველი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (რომელიც ბოლო ნაბიჯია სრულ წევრობამდე), მაგრამ ამის სანაცვლოდ მან მიიღო არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ეს პაკეტი გულისხმობდა, აგრეთვე, ნატოს სასწავლო ცენტრის დაარსებას, რომელიც უკვე გაიხსნა აგვისტოში. საკითხს ართულებს საზოგადოებრივი აზრიც. 2008 წელს ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩატარებულმა პლებისციტმა უდიდესი სახალხო მხარდაჭერა მოიპოვა. სწრაფად გავლილი 7 წელი და საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით განელდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევამ, რომელიც 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ქართველების 61% კვლავ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ გზას. აღსანიშნავია, რომ ეს არის 17%-იანი კლება წინა წელთან შედარებით. მთავრობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კვლევის შედეგები, რომელმაც მმართველი კოალიციის მხარდაჭერის კლება აჩვენა.

ამასობაში, ღარიბაშვილი მედიის სპეკულაციას უწოდებს იმ ფაქტს, რომ თითქოს, იმის ნაცვლად, რომ გაძლიერდეს ენერგოურთიერთობები ძირითადად მეზობელ აზერბაიჯანთან, მისი მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომთან", რათა ამ უკანასკნელმა ითამაშოს დიდი როლი ქვეყნის გაზის ბაზარზე.

25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე" და თბილისი განიხილავს დამატებითი მარაგების მოძიებას „გაზპრომიდან", თუ ეს კომერციულად მომგებიანი იქნება". ამ საკითხმა მედიის პროტესტი და გაღიზიანება გამოიწვია. ეს არის საეჭვო რუსული კომპანია, რომელსაც კრემლი გეოპოლიტიკურ იარაღად იყენებს და ევროკავშირის მიერ ანტიკონკურენტული ქმედებებისთვის არის გამოძიებას მიცემული. „გაზის მთავარი მომწოდებელი არის და იქნება აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი", - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანში. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ნათელი და მკაფიო, და ჩვენ არ ვაპირებთ აზერბაიჯანული გაზი რუსულით ჩავანაცვლოთ".

„გაზპრომი" გაზს სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის, რაც ამტკიცებს იმას, რომ საქართველო აკავშირებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ასევე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს; ეს მრავალი წელია ასეა, და ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც", - აცხადებს პრემიერი და დასძენს, რომ შეხვედრაზე აქცენტი სომხეთისათვის გაზის მოცულობების შესაძლო გაზრდაზე გაკეთდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ მოლაპარაკება ქართულ მხარესთან, რადგან ჩვენ ვფლობთ ამ მილსადენზე გარკვეული რაოდენობის გაზს," - განმარტავს პრემიერ-მინისტრი. „გაზპრომი" საქართველოს უზრუნველყოფს დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრი გაზით წელიწადში, ეს არის ტრანზიტის საფასური, მთლიანი 2.2 მილიარდი კუბური მეტრიდან. შიდა პრობლემაწლევანდელი ეკონომიკური ზრდის შენელება რეგიონში ცუდ გავლენას ახდენს საქართველოზე. წინა წლის ნოემბერში ლარის 35%-იანმა დევალვაციამ აშშ დოლართან მიმართებით ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ხალხის ჯიბეზე. რუსეთის რეცესიამ ზიანი მიაყენა საქართველოს ექსპორტსა და ფულად გზავნილებს. 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4.7%-ით; წელს მთავრობა ვარაუდობს 2.5%-2.8%-იან ზრდას, 2016 წელს კი - 3%-იან ზრდას. „ჩვენ ამ კრიზისს ვმართავთ მკაცრად და ეფექტიანად", - ამტკიცებს პრემიერ- მინისტრი. „ყველგან არის ჩავარდნები, ნავთობის ფასი დაეცა, დევალვაციაა ბევრ ქვეყანაში - ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოზეც, როგორც გარდამავალი ეფექტი".მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივ წარმოებას; „ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობის პროგრამის დახმარებით შეიქმნა 230 ახალი ქარხანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ინფლაცია არ არის მაღალი, ამიტომ თავს ვგრძნობთ მშვიდად. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სესხები დოლარში და ხელფასს იღებენ ლარში, არ არიან იდეალურ მდგომარეობაში - მათ მოუხდათ სესხის ვადის გაზრდა ბანკებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ეძებენ ახალ პირობებს ასეთი კლიენტებისთვის".მაგრამ ეკონომიკა არ არის ერთადერთი გამოწვევა ჩვენთვის. პოლიტიკური კუთხით, მთავრობას აკრიტიკებენ ეროვნული ბანკის საქმეებში ჩარევის გამო, საეჭვო მცდელობებში, შეზღუდოს პრესის თავისუფლება და ასევე ბრალად სდებენ ყოფილ პრემიერ- მინისტრსა და საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი კვლავ მართავს მთავრობას კულუარებიდან.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სექტემბერში მიღებული კანონპროექტი, რომელიც ეროვნულ ბანკს ართმევდა საზედამხედველო ფუნქციას და ეს ფუნქცია გადაეცემოდა ახალშექმნილ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს. ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიტიკულ დროს ამ ცვლილებამ ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია.  „მე არ შემიძლია განვსაჯო საკონსტიტუციო სასამართლო და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაემორჩილოს მის საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას  ეროვნულ ბანკთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კარგი კომუნიკაცია  მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის. ამ საკითხის დრამატიზების საფუძველი არ არსებობს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ღარიბაშვილი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მთავრობა ზეგავლენის მოხდენას ცდილობს მედიაზე და აქტიურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის - „რუსთავი-2-ის" წინააღმდეგ, რომელიც დაახლოებულია სააკაშვილის ოპოზიციურ პარტიასთან - „ნაციონალურ მოძრაობასთან". „რუსთავი-2-თან" დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს საკუთრების დავა სასამართლოში,  ტელევიზიის ფინანსური აქტივები გაყინულია და საფრთხე ექმნება ტელევიზიის ეთერში დარჩენას. „რუსთავი-2-ის" ხელმძღვანელები ბრალს სდებენ ხელისუფლებას ფინანსური შეთანხმების დაბლოკვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის. უფლებადამცველებმა, ისევე, როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეშფოთება გამოხატეს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ კი შემაშფოთებელი უწოდა  ყველა ქმედებას, რომლებიც მიმართულია მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ.

ღარიბაშვილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ „რუსთავი-2" ერთადერთი ოპოზიციური არხი არ არის. „რომელი ტელევიზიაა ხელისუფლების დაქვემდებარებაში? არც ერთი. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა არხი ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი მთავრობის მიმართ და ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ გვინდა ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი მედია არსებობდეს", - განაცხადა მან და დასძინა, რომ „რუსთავი-2-თან" დაკავშირებული დავა კერძო სასამართლო დავაა და ხელისუფლებას არ უკავშირდება. პრეზიდენტის პოზიცია „რუსთავი2-თან" დაკავშირებით, ასევე, მისი ვეტო ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს კანონპროექტთან დაკავშირებით ხაზს უსვამს მედიაში ხშირად განხილულ თემას, რომელიც ეხება ორ უმაღლეს ხელისუფალს შორის არსებულ დაპირისპირებას.  პრეზიდენტს, რომელმაც „ქართული ოცნების" სახელით იყარა კენჭი, მთავრობა ბრალს სდებს უმადურობაში. პრეზიდენტი, თავის მხრივ, ივანიშვილს აკრიტიკებს და ბრალს სდებს მაკიაველიზმში. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის არანაირი პირადი უთანხმოება არ არსებობს. „როცა საჭიროება მოითხოვს, მე მას ვურეკავ და ვესაუბრები. ყოველთვის მე ვიყავი ამის ინიციატორი. პრეზიდენტს საკუთარი  დღის წესრიგი და ხედვა აქვს, არ ვაპირებ მის განსჯას". რაც შეეხება ბრალდებას ივანიშვილის წინააღმდეგ, ღარიბაშვილი ღიად ამბობს: „დღევანდელი მთავრობა ჩამოაყალიბა ჩემმა წინამორბედმა ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელთანაც ვმუშაობდი 10 წელი და მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. თავიდანვე ვამბობდი, რომ ხანდახან შეიძლება ვკითხო რჩევა ან მან მირჩიოს, მაგრამ ეს კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის. მე ამას არასდროს არ ვმალავდი... იგი არ იღებს გადაწვეტილებებს".

წყარო: http://www.intellinews.com/georgia-1336/interview-georgian-pm-eyes-free-trade-deal-with-china-within-a-year-81560/

http://www.bne.eu/content/story/interview-georgian-pm-eyes-free-trade-deal-china-within-year