საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-01-15

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 15 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს, დაემატა 10 საკითხი, დამტკიცდა 43 საკითხი. დღის წესრიგი.

საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს - საქართველოს ყველა სოფელს, სადაც ორასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება. ამ მიზნით იქმნება კომისია, რომელიც პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიებისგან წარმოდგენილ განაცხადებს მიიღებს და განიხილავს. მთავრობის მიზანია ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დადებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვის განმავლობაში მოხდეს ფართოზოლოვანი კავშირის უზრუნველყოფა წინასწარ განსაზღვრულ 1932 დასახლებულ პუნქტამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგიონებში ინტერნეტის მოთხოვნის გაზრდისთვის, მთავრობის ხელშეწყობით ასევე მოეწყობა 500-მდე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი ბიბლიოთეკების ბაზაზე. პროექტის განხორციელების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი, მაღალხარისხიანი და იაფი ინტერნეტმომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე, სტანდარტული და პერსპექტიული საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებით ისარგებლონ. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განვითარება წარმოადგენს ქვეყნაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების აუცილებელ პირობას.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ხელს უწყობს დაინტერესებულ მეწარმეებს, რომ მათ დააფუძნონ ახალი საწარმოები, განავითარონ ადგილობრივი წარმოება და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამ მიზნით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, შპს „ფიგაროს" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ქალაქ ხობში, ქაჯაიას ქუჩაზე მდებარე 32130 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას ქონებაზე სამშენებლო მასალებისა და პლასტმასის ნაწარმის საწარმო, რისთვისაც 1 660 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 30-50 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, „თი ბი სი ბანკმა" განიხილა და დაამტკიცა შპს „სი ბი სი-ს" 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი, რომელიც საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების საწარმოს შექმნას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის წარმოება საქართველოში პირველად იქმნება. შპს ,,სი ბი სი" მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით კომპანია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის კონტეინერების (ნაგვის ურნების) წარმოებისა და მოთუთიების საწარმოს შექმნის მიზნით მოახდენს დანადგარების შეძენას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს ცხლად მოთუთიების საწარმო, კომპანიები პირდაპირ მოთუთიებულ დეტალებს ყიდულობენ, რაც ოთხჯერ ძვირი ღირს მოთუთიების გარეშე დეტალებთან შედარებით.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, შპს „„ქართული დაფნას" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში მდებარე 12 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას დაფნის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც 247 200 (ორასორმოცდაშვიდი ათას ორასი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 30-50 ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის ექსპორტი იგეგმება ჩინეთში, თურქეთში, კორეაში, ბულგარეთში, ვიეტნაში და პოლონეთში.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, შპს „აბაშის რძის ქარხანას" სიმბოლურ ფასად გადაეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას რძის გადამამუშავებელი და კვების (რძის) პროდუქტების საწარმო, რისთვისაც 2 529 600 (ორი მილიონ ხუთასოცდახრაათას ექვსასი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში 150 ადამიანი დასაქმდება. პროდუქციის ექსპორტი იგეგმება რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, შპს „რებასის" სიმბოლურ ფასად გადაეცემა ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60127 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. კომპანია ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შექმნას სამშენებლო მასალის საწარმო, რისთვისაც 1 444 136 (ერთი მილიონ ოთხასორმოცდაოთხი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საწარმოში მინიმუმ 10 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სამომავლოდ იგეგემება ექსპორტზე გატანაც. ამასთან კომპანიის განმარტებით, ოპერირების მესამე წლიდან ექსპორტის წილი საერთო მოცულობაში იქნება 50%-ზე მეტი, ბაზალტის ინოვაციური პროდუქტი გარკვეულწილად ასევე ჩაანაცვლებს იმპორტირებული ფოლადის AR მინა-ბოჭკოს არმატურის იმპორტს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური