საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 12 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-03-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.
უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება.
ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლეობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება; თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლ
ობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, „საქართველოს რაგბის კავშირს" სახელმწიფო 25 წლის ვადით უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადასცემს სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოქალაქევში მდებარე 48043 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ამის სანაცვლოდ „საქართველოს რაგბის კავშირი" ვალდებულია გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს 3 ბუნებრივი საფარის მქონე რაგბის მოედანი და მინიმუმ ხუთას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა (ასევე გასახდელები, ექიმის ოთახი, გამწვანება, ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები და ა.შ.) ორგანიზაცია ამ სამუშაოებისთვის 300 000 ლარს დახარჯავს. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. რაგბი საკმაოდ პოპულარულია სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც, მიუხედავად სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, მოქმედებს რაგბის რამოდენიმე სექცია. აქ მოღვაწეობენ ყველა საფესტივალო ასაკის, ახალგაზრდული A და B ლიგის, უფროსების მე-2 ლიგისა და ქალთა გუნდები, აგრეთვე არმიის ორი გუნდი, რომლებთანაც მუშაობენ ლიცენზირებული მწრთვნელები. საერთო ჯამში, სავარჯიშო პროცესში ჩართულია 400-მდე მორაგბე. სწორედ მათი ხელშეწყობისა და ამ პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, გადაწყდა სარაგბო ბაზის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური