საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს „აბრეშუმის გზის" რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის" უძველესი ქვეყნის, აქტიურად ჩართვის პერსპექტივები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ „აბრეშუმის გზა" საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. გამოითქვა იმედი, რომ აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას - იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე. გამოითქვა კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მკვეთრი გააქტიურების გამო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აბრეშუმის გზის საკითხებში, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა 2015 წელს ჰონგ-კონგში დაარსდა და მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური