საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-20

 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მაისში საქართველოს ეწვევა,  - ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას მოეწერება ხელი.

სამოქმედო გეგმისა და თანამშრომლობის საკითხების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მთავრობის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური