საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-03

დღეს დემოკრატიული სამყარო თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლება თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მონაპოვარია და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარების საფუძველია. სწორედ აქეთკენ მივისწრაფვით და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ დღეს, სადაც საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილება გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა.

დაბალანსებული, სიღრმისეული და, რაც მთავარია, სწორი ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტების მოვალეობაა, ისევე, როგორც მთავრობის ვალდებულებაა ჟურნალისტების თავისუფლად, ღიად და შეუზღუდავი საქმიანობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენი მოვალეობები და ვალდებულებები გვაკისრებს.

გასულ თვეს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო, 180 სახელმწიფოს შორის 64-ე ადგილზეა, რაც 2015 წელთან შედარებით, 5 ადგილით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, მიღწეული შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.

მინდა, თითოეულ ჟურნალისტს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო წარმატება.


გიორგი კვირიკაშვილი