საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-11

ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აბსურდული უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება შეუფერხებლად მიიღო.

„აბსოლუტურად უაზროა ბრალდებები გადაწყვეტილების მიღების უნართან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია და ამის ცხადი მაგალითი არის დღევანდელი დღე. საქართველო ვითარდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი პერიოდი, განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და არასდროს გადაუხვევია სტრატეგიული კურსისგან, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე - ეს არის თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან.

„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარი არის ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ეს არის განახლებადი ორგანიზმი და განახლების პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ამიტომ ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც არის ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით, არის უადგილო, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მე მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც აბსოლუტურად უაზრო კორიანტელი ატეხა ამ საკითხის გარშემო, რომ შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეხედოს იმ სტრატეგიულ კურსს, რომელსაც ქვეყანა თანმიმდევრულად მიჰყვება და ამ საკითხში არანაირი გადახვევა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ცვლილებები გამორიცხული არ არის.

„სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა, ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სრული ლეგიტიმური უფლება აქვს მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს განცხადებების თაობაზე. ამ საკითხზე ატეხილი ალიაქოთი არის უადგილო და აზრს მოკლებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მე არ გამიკვირდებოდა ასეთი განცხადებები ჩვენი კონკურენტი პარტიების ლიდერებისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და უადგილო," - განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური