საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ახალი სახეების გუნდი შერჩეული იქნა პარტიის ლიდერების მხრიდან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-12

"ქართული ოცნების" ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილს ამ წუთამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ლონდონში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელია და მას ძალიან მაღალი ავტორიტეტი აქვს, არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში", არამედ მთლიანად საქართველოში და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ შესაძლოა, მასთან, პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე, გარკვეული კონსულტაციები იმართებოდეს.

„შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ახალ სახეებს. შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სახეების გუნდი შერჩეული იქნა პარტიის ლიდერების მხრიდან და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. გაიმართა აბსოლუტურად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი შესარჩევი პროცესი, გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შედეგად იქნა შერჩეული ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა. ინტერესი „ქართულ ოცნებასთან" და იმ გუნდთან შეერთებისა, რომელიც ახალი და ძველი წევრებისგან დაკომპლექტდება, ძალიან დიდია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ თუ არჩეული იქნება „ქართული ოცნების" ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური