საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პოლიციელის პროფესიული დღე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-02

1

ვისურვებ, რომ ჩვენი ყოველი დღე კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იყოს, რომ მივუახლოვდეთ პოლიციის იმ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სტანდარტი ჰქვია - ეს არ გულისხმობს მხოლოდ პოლიციის პროფესიონალიზმს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა, მაქსიმალური დაცულობის შეგრძნების გაჩენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა. მისი თქმით, ქვეყანას დღეს ჰყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას და ამ მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.

„ძალიან დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოლიციელის ურთულესი პროფესია გაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. დღეს, ალბათ, ყოველი თქვენგანი კიდევ ერთხელ უფიქრდება საკუთარ პროფესიულ არჩევანს და, დარწმუნებული ვარ, ამაყობთ, რომ საქართველოს სამსახურში, ჩვენი სახელმწიფოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ. თქვენს ხელშია საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ, რომ წესრიგს, სიმშვიდეს, ჩვენს უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ერთგულებისთვის, სიმამაცისთვის, ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის. ამ საზეიმო დღეს, მინდა, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, თავი გაწირეს და ქართული სახელმწიფოს წინაშე ვალმოხდილები წავიდნენ ჩვენგან. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც, პრემიერის განმარტებით, წარმატებით გაართვა თავი დიდ სამუშაოს - ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, რამაც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო, ჩვენი სამართალდამცველები უზრუნველყოფენ წესრიგს ქვეყანაში, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, კანონდარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მაგრამ უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. ამ კონტექსტში არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ქართული პოლიციის სრულყოფაში და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდაცვის სფეროს რეფორმირებაში," - აღნიშნა პრემიერმა.

პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვასა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური