საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ქართული მეღვინეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-02

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY"-ს და შპს „გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, უმსხვილესი საწარმოს პრივატიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გარდა ამისა, მთავრობას გამოყოფილი აქვს რესურსი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რაც, როგორც ქარხნის გარშემო, ისე კახეთის რეგიონსა და მთელ საქართველოში წელში გამართული ოჯახების გაჩენის და ქართული ოჯახებისთვის მეტი შემოსავლის მოტანას შეუწყობს ხელს.

„სამი წლის განმავლობაში 6 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა დამატებით, 400 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი შევიდა ქართულ ოჯახებში მეღვინეობიდან და მევენახეობიდან. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, უკვე გამოყოფილი გვაქვს რესურსი ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაციისთვის, რათა გავიდეთ ახალ ბაზრებზე, რაც ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების საფუძველი იქნება. ქარხნის გახსნა არის ძალიან სასიხარულო მოვლენა, რაც, დარწმუნებული ვართ, იქნება ახალი წარმატებების საწინდარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს, ასევე კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

„კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური