საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო ღირებულებები და საერთო კულტურული ფასეულობები გააჩნიათ.

"დარწმუნებული ვარ, რომ არსებული მეგობრობა და ნდობაზე აგებული პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში მომავალშიც განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი წარმატებების შესახებ ლაპარაკი იოლი ამოცანა არ გახლავთ. ისევე, როგორც აზერბაიჯანში, საქართველოშიც ასეთ ღირსშესანიშნავ მომენტებში ხაზგასმით აღინიშნება ჩვენი წინაპრებისა და სუვერენული სახელმწიფოსთვის მებრძოლთა გმირობა, რომლის წყალობითაც ჩვენ და ჩვენს თანამოქალაქეებს გვაქვს უკეთესი დღევანდელი დღე. წელს საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ეს 25 წელი ვარდებით მოფენილი როდი იყო - ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ წარსულში არსებული ტვირთი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო აქვთ, უბიძგებდა და ძალას აძლევდა ჩვენს ერებს თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში. ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სახელით გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური