საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მთავრობა ინფრასტრუქტურული განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც ითვალისწინებს, როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებასა და მშენებლობას, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მთავრობის წევრებთან ერთად განხილვა მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის. ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც ფაქტობრივად, გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებლებზე და პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა. სულ უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ პრეზენტაციას ამ სამოქმედო გეგმისა," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გეგმის რეალიზება ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდება უფრო მეტი შემოსავალი. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე.

„ასევე ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშაოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეთნო-კულტურის შენარჩუნების კუთხით, ტურიზმის განვითარების კუთხით, სოციალური კუთხით იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღემდე იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია, რომ ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. მე აღარ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, კონკრეტული მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი და ამ კონკრეტულ გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური