საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიულს უწოდებს უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესის დაწყებას-პროექტის მნიშვნელობის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მესხურ ტერასებზე უნიკალური ჯიშის ვაზის გაშენების პროცესის დაწყება, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია.

„ეს არის საჯარო და კერძო სექტორებს (თიბისი ჯგუფი) შორის პარტნიორობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი. არის ასეთი პიროვნება, გიორგი ნათენაძე, რომელიც გახლდათ ინიციატორი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისა და ამას წინ უძღოდა იქ მოსახლე არაერთი ადამიანის თავდადებული პატრიოტიზმი, რომლებიც წლების განმავლობაში ინახავდნენ ამ ჯიშებს. ასევე აღსანიშნავია ჯირაურას მეურნეობა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია, 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დახარჯა ფონდმა „ქართუმ". ეს მეურნეობა მთლიანად უსასყიდლოდ გადმოეცა სახელმწიფოს, სადაც 460-ზე მეტი ქართული ჯიში არის შენახული და ეს ჯიშები მომავალში იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეურნისთვის, რომელიც მოისურვებს ტრადიციული, ავთენტური ქართული ჯიშების განვითარებას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ქართული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ვარძიის კომპლექსის მოვლა-პატრონობის, დაცვისა და შენარჩუნების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იწყება ისტორიული ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარძიის კომპლექსის გარშემო ხდება სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერების აღდგენა. მათ შორის არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, სოფელი ჭაჭკარი, ისტორიული სოფელი, რომელსაც გააჩნდა სამეურნეო ფუნქცია ვარძიის კომპლექსის მომარაგების. ჩვენ ვიწყებთ მის რეაბილიტაციას კერძო სექტორთან ერთად. „თიბისი ჯგუფი" და კომპანია „არსი" არიან ჩართულები ამ პროექტში და მათთან ერთად ვახდენთ ისტორიული, ქვაში ნაკვეთი საწნახელების სოფლის აღდგენას. აქ განვითარდება აგროტურიზმი და იგი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ნაგებობა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობა დავაბრუნოთ ამ სოფელში, იქ იცხოვრონ ადამიანებმა და განავითარონ ეს ისტორიული მეურნეობა, რომელიც არის მართლაც უნიკალური და არის ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის," - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ვარძია-ხერთვისის მიდამოების გენერალური დაგეგმარება, რათა შენარჩუნდეს ტერიტორიის ავთენტურობა, და მისი ისტორიული იერსახე.

„მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტროში გავაკეთეთ ვარძია-ხერთვისის გენერალური დაგეგმარება, რათა კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული ამ ტერიტორიაზე და მომავალი განვითარება მოხდეს კანონზომიერად, რომ არ დაირღვეს კულტურული ლანდშაფტი და შემოვინახოთ პირვანდელი სახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის კომპლექსის ოთხწლიანი შენახვა-განვითარების გეგმა, რომელსაც ახორციელებს კულტურის სამინისტრო ფონდ „ქართუსთან" ერთად. ვარძიის კომპლექსის შენახვა-განვითარების გეგმის შემუშავება ხდება სამეცნიერო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით და ამ გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ვარძიის კომპლექსს დაიცავს, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, ისე მისი განვითარების გეგმას შეიმუშავებს. მინდა, მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და რა თქმა უნდა, ფონდ „ქართუს" ამ მნიშვნელოვანი გეგმისთვის. ჩვენი ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება ეს პროექტი," - განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური