საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ოფიციალური მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

საქართველოს მთავრობა აღრმავებს თანამშრომლობას ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში - დღეს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ოფიციალური მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ შვიდწლიან სტრატეგიას საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა გამჭვირვალე გარემოში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო და კვლავ არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ძალიან ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტორები იყვნენ ჩართულნი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი თანხმდება, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა," - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს მთავრობამ დაამტკიცა მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა. მანვე ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნების ერთგულია.

"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დარგში ჩვენი მიღწევებით. თუმცა, მწამს, რომ გუშინდელი მარცხის დღევანდელ წარმატებად გარდაქმნის პროცესს დასასრული არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს ვუდგენთ და გვჭირდება უფრო მეტი შრომა, რათა შევძლოთ ამ სტანდარტების ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დონეზე შენარჩუნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები სრულადაა ასახული სამთავრობო ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში. ესაა შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციებს, ადამიანის უფლებათა სამდივნოს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და პროგრესის კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.

ოფიციალურ მიღებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური