საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-09

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელების პროცესშია და ამ მხრივ სკეპტიციზმის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ენერგეტიკული ინვესტიციები ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს და ისეთი პროექტების სტრუქტურირებას, როგორიც არის მაგალითად 1-მილიარდიანი პროექტი „ნენსკრა", გარკვეული დრო სჭირდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ამჟამად განხორციელების პროცესშია, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებას და ცალკეულ მნიშვნელოვან პროცედურებს წელიწად-ნახევარზე მეტი დასჭირდა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „ტატა კონსორციუმის" შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა მასთან მოლაპარაკებებსაც, ვინაიდან პროექტი, რომელსაც ის ახორციელებს, 2012 წელს მიტოვებული იყო და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ინვესტორის უკან დასაბრუნებლად.

„ყველა ფინანსურ ინსტიტუტს გააჩნია თავისი შიდა პროცედურები, რომელიც უნდა გაიარო იმისთვის, რომ ინვესტიციები დაიწყოს, ასევე არსებობს შესწავლის პერიოდი. ეს ნაბიჯები გადასადგმელია იმისთვის, რომ პროექტების განხორციელება და უშუალოდ ინვესტიციების შემოსვლა დაიწყოს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარებითი ვარდნის მიზეზი, ასევე გახლდათ ენერგომატარებლებზე ფასების დაცემა, რეგიონული კონფლიქტები - უკრაინასა და რუსეთს შორის, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ზემოქმედებს ზოგადად რეგიონზე და ჩვენ ამისგან იზოლირებული არ ვართ, მთლიანი სურათიდან ამოვარდნილები არ ვართ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, განხორციელების პროცესშია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ასევე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს „ბრითიშ პეტროლიუმი".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გიორგი კანდელაკის მიერ „გაზპრომსა" და საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „გაზპრომთან" მიმდინარეობდა ტექნიკური მოლაპარაკებები, 40%-ით გაზრდილი ენერგეტიკული მოთხოვნის შესავსებად, რომელიც, „სოკართან" გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე შეთანხმებით დასრულდა და ეს „ბრითიშ პეტროლიუმის" მილსადენის მეშვეობით განხორციელდება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო მნიშვნელოვანი გარიგება, ვინაიდან უფრო კარგი პირობებით მოხერხდა გაზის მიწოდების უზრუნველყოფა.

„რუსეთი ამ ეტაპზე 10 პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენს ენერგომატარებლების მიწოდებაში და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვართ მძიმედ დამოკიდებული რუსეთზე, ისე, როგორც ეს წარსულში იყო. ამიტომ, სამწუხაროდ უნდა გამოვიყენო ეს ტერმინი - მთლიანობაში ეს ყველაფერი „გაზპრომთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია იყო და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით საქართველოში, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც ბევრად უფრო მაღალი ციფრია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომლებიც არიან ნატოს სამეზობლოში და იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები და გეგმები ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ეს სკეპტიციზმი, რუსული ენერგომატარებლების მოწოდებაზე საქართველოს შესაძლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი არ არის. მე არ შევალ საქართველოს ენერგოსექტორში რუსული ინვესტიციების განხილვაში, რომელიც ძირითადად წინა ხელისუფლების დროს, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე განხორციელდა. მოდით, ეს არ განვიხილოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური