საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საჯარო გამოსვლა „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში, სადაც ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე - ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ,,საქართველოს ევროპული გზა". ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური