საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-15

გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. მანვე ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეფასდა, როგორც დასტური საქართველოს მზაობისა, განამტკიცოს ურთიერთობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.

ბუნდესტაგის შენობაში გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური