საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის საჯარო ლექცია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-16

"საქართველოს ევროპული გზა" - ამ თემაზე წაიკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო ლექცია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერლინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს, ექსპერტებს და სტუდენტებს საქართველოს ისტორიული არჩევანისკენ - ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და შეეცადა აეხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები და რატომ მიიჩნევს საქართველო თავს წმინდა ევროპულ ქვეყანად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს არა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტს, არამედ ის არის თაობათა არჩევანი, რომელიც იზიარებს საქართველოს იდენტურობის ერთიან აღქმას.
"ეს არის არჩევანი, რომელიც დაგვეხმარა უკანასკნელი წლების მანძილზე მიგვეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისათვის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არის შედეგი. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და განვაგრძობთ წარმატებულ სვლას ყველა იმ ვალდებულებების განხორციელების კუთხით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და თანამედროვე ევროპული დემოკრატიის დამყარების გეგმას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, ევროპულ ბაზარზე, ქართული პროდუქციის თავისუფალ და მარტივ მიწოდებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის აყვავებას და ეკონომიკურ ზრდას. ევროპასთან ასოცირება ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე პოლიტიკა და ბიზნესი: ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ქართველი და ევროპელი მოქალაქეები ყველა სფეროსა და ყველა სექტორში, ნებისმიერ დონეზე," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის გეგმა სრულად არის ორიენტირებული დემოკრატიულ ფასეულობებზე.
"ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ თავისუფლების გამოხატვა და მედიის თავისუფლება. მე ვიყავი ამაყი, როდესაც გავიგე, რომ Freedom House-მა და ჟურნალისტებმა საზღვრების გარეშე (Reporters without Borders) საქართველო დაასახელა ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია უკანასკნელი შეფასებების მხრივაც. ჩვენი ვალდებულება თავისუფლების გამოხატვის კუთხით იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული არჩევნები იყოს მიჩნეული, როგორც ყველაზე გამჭირვალე არჩევნები საქართველოს ისტორიაში," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრეთ მსოფლიო ბანკის მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ქვეყანას, სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება.
"ჩვენ ვართ პატარა, სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 მილიონს და რომელსაც გააჩნია უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ გვჯერა თავისუფალი, ღია და გამჭირვალე ბიზნეს გარემოსი. ჩვენ აღვკვეთეთ კორუფცია. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე , ჩვენ მოვიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უმუშევრობის მაჩვენებელმა დაიწია. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.75 მილიარდი ამერიკული დოლარი , ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.35 მილიარდი ამერიკული დოლარი. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები ევროკავშირთან და გვჯერა, რომ ჩვენი მომავალი ემსახურება უსაფრთხო, უფრო დემოკრატიულ და აყვავებულ ევროპულ კონტინენტს," - განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში გერმანიის მხარდაჭერა ექნება.

"გერმანია ისტორიულად იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გვინდა გთხოვოთ, რომ თქვენ განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა, ვინაიდან ჩვენს გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე საშუალება მოგვეცემა თქვენს ქვეყანაში ვიზის გარეშე გამოვემგზავროთ, მე აგრეთვე სურვილი მაქვს მიგიწვიოთ საქართველოში - მე მჯერა, რომ თქვენ იქ მიგიღებენ ძალიან თბილად და თავს იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური