საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

„ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-21

კომუნიკაციის გაზრდის, მოსარგებლეთათვის საჭირო პროექტების ამოცნობის გამარტივებისა და ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის ქვეშ ერთიანდება - „ერთიანი აგროპროექტის" პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მასშტაბური პროექტი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის და ხალხს მეტ სიკეთეს მოუტანს. მისი თქმით, სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რასაც ხელისუფლება ეტაპობრივად მოაგვარებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი სულ მალე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში, რათა ჩვენი მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. მიგვაჩნია, რომ ერთიანი აგროპროექტი, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის დარგში, და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ - საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი და ჩვენი ხალხი წელში გამართული," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ საქმით დაადასტურა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, პრაქტიკულად განადგურებული დარგის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ პირველი რიგის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგა.

"უკვე თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ემატება ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე მოსავლის გადამუშავებასა და რეალიზებაში, ხელი შევუწყოთ ახალი წარმოებების და საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ეს ყველაფერი ერთად არის სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტია," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ძვრები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს აგრარული სექტორის მხარდაჭერისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულებები და არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი, დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურაში, ირიგაციის სისტემების აღორძინებაში, არის ქართული ოჯახის ბედნიერება სოფლად. წელში გამართული სოფელი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ძლიერების საწინდარი," - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოსვლის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს, რომელთა მიზანიც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა. განხორციელებული პროექტების ფარგლებში, დაფინანსებულია 150 ახალი საწარმო და გაფართოებულია - 700 საწარმო. 2013 წლიდან, ყოველწლიურად დახმარებას იღებს 700 000 - ზე მეტი ფერმერი და ყოველწლიურად მუშავდება 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა. მოხდა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა პირველადი და გადამამუშავებელი, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება, დასაქმდა ათასობით ადამიანი.

დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური