საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-28

2016 წლის 5-6 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი ეწვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრისას აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, კრისტა მარკვალდერმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რაც, ექსპორტისა და ვაჭრობის წახალისების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავაჭრო წარმომადგენლის განთავსებას გულისხმობს.

მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აფასებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური