საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე - გიორგი კვირიკაშვილი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარების შესახებ მოლაპარაკებები სომხურ მხარესთან არ შედგა, რადგან რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც არაღიარებული ტერიტორიის სტატუსს უკავშირდებოდა. ქართულმა მხარემ ამ გზის გამოყენებაზე უარი განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის ფორსმაჟორული გახსნა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული, დასჭირდება სავარაუდოდ 2 კვირა მაინც. ამ პერიოდში დიდი პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თავად დაელაპარაკებოდნენ რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, რომ აქ არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე. მოგეხსენებათ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ ჩვენ გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება. სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან იყო ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან. ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან, ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ჩვენ ავირჩიეთ ბორანის გზა. შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, იყო 2012 წლამდე მიღებული და რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, იგი მნიშვნელოვნად გააადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას.

ალბათ ასევე საინტერესოა „SGS"-თან ხელშეკრულების საკითხი. „SGS"-თან ხელშეკრულება ჩვენ გადავაგზავნეთ რუსულ მხარესთან და ჯერჯერობით სამწუხაროდ იქიდან პასუხი არ მიგვიღია, იმიტომ რომ მექანიზმი, რომელიც სტატუსნეიტრალურად ტვირთების გატარებას ითვალისწინებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ვინაიდან ჩვენ ვერ მივიღეთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ტვირთის გატარების მექანიზმი, ჩვენ უარი ვთქვით ამ ტვირთის გატარებაზე და დღესდღეობით საზღვაო გზით, სარკინიგზო ბორანით გადის ტვირთები, როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ასევე სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური