საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ეუთოს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება და იგი უნდა დაბრუნდეს საქართველოში - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეუთოს რეფორმირება, რათა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი გამარტივდეს და უფრო მეტი ქმედითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„ჩვენ ოკუპაციის პრობლემებით წარვსდგებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე. რეზოლუციის პროექტი, რომელიც არსებობს, ასახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონიტორების არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეუთო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მთლიანობაში მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის აზრი, საერთოდ მნიშვნელოვანია ეუთოში რეფორმის ჩატარება, რათა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი გამარტივდეს და მიღებულ იქნას უფრო მეტი ქმედითი გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ასეთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას მასპინძლობს ეს უდიდესი პატივია ჩვენთვის და ჩვენ ველოდებით რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას," - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობასაც შეეხო. მისი თქმით, 1-ელი ივლისი, როდესაც ძალაში სრულად შევიდა ასოცირების ხელშეკრულება, არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან დღეიდან საქართველო ევროპული წესრიგის ნაწილია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმებამ საქართველოს მთავარი სარგებელი-ვიზალიბერალიზაცია უნდა მოუტანოს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი რეგულაციები, მთელი რიგი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის, მათ შორის ევროპულ ბაზარზე. თუ დღემდე იყო პირობითი დაშვება საქართველოს ევროპულ ბაზარზე, დღეიდან უკვე ფაქტობრივად ღიაა ეს ბაზარი, თუმცა ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სხვადასხვა რეგლამენტების შექმნის კუთხით ადგილზე, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გააჩნია ევროპულ ბაზარს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთხით ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც გაგვაჩნია. რაც შეეხება უპირველეს სარგებელს, რომელსაც საქართველო ელოდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ვიზალიბერალიზაცია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ უახლოეს მომავალში ჩვენ წარმატებით დავასრულებთ ამ პროცესს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი აჰმეტ ჩატაევის საკითხს გამოეხმაურა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ვინც არ უნდა იყოს ტერორისტი, უნდა დაისაჯოს. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა აჰმეტ ჩატაევი თურქეთში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ თურქული მხარის ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მოუსმენია.

"მე არ მომისმენია თურქეთის ოფიციალური მხარის მხრიდან ასეთი განცხადება, ეს იყო გამოთქმული ვარაუდები, სხვათა შორის, ქართველი პოლიტიკოსების მიერ. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, ვინც არ უნდა იყოს ტერორისტი, უნდა დაისაჯოს, ამიტომ აქ წინასწარი ბრალდებები და სპეკულაციები არის მიუღებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური