საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-06

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას. დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

დღესვე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს; მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური