საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა EUIPO–ს აღმასრულებელ დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-06

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ბაზებში ქართული მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო კამპინოსის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოსა და EUIPO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება და მისი დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში.

ყურადღება გამახვილდა EUIPO-სა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. გამოითქვა იმედი, რომ მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია საშუალებას მისცემს უცხოელ მომხმარებლებს, მიიღონ ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ, ხოლო ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ძიებას EUIPO-ს ბაზებში ქართული ინტერფეისის გამოყენებით.

EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორი ანტონიო კამპინოსი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამსახურს შორის თანამშრომლობით მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს.

„მე მივაწოდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამსახურს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული ფანტასტიური პროგრესის შესახებ. შესაბამისი ინფრაქტრუქტურის, მონაცემთა ბაზების, მომხმარებელზე ორიენტირებული კანონმდებლობის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო დიდი მშპ-ს, დასაქმებისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად. აბსოლუტურად თვალსაჩინოა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს მთელი ჯგუფის მიერ გაწეული შრომა. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერიდან მოკლედ დროში შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ბაზა, რომელიც არა მარტო ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ეროვნულ ბაზებს, არამედ გაცილებით უფრო მეტ ქვეყანას. ასე რომ ვულოცავ საქართველოს!" - განაცხადა ანტონიო კამპინოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე დაესწრნენ.