საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ჯონ კერის ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და ვიზიტს წარმატებული უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ კერის ვიზიტს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჯონ კერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია რომ იგი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ ექნებათ საშუალება აშშ-ში მიიღონ განათლება. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა", რომელსაც USAID-ი დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზთან გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური