საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-07

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განიხილება. პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთელ რიგ მაღალმთიან რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებიათ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა - საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.

„ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება. პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური