საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას ხელს აწერს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირებისა მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება.
პარტიები თხოვნით მიმართავენ ნატოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.

პოლიტიკურ პარტიათა ერთობლივი მიმართვა

„ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ქვემოთ ხელმომწერ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდათ და გააჩნიათ ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები, თუმცა, ყველანი ვერთიანდებით ერთი მთავარი პრინციპის გარშემო: საქართველო წარმოადგენს სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. ქართველი ხალხი აშენებს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლისთვისაც ღირებულია თავისუფლება, ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება და რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობისკენ.

საქართველოს სურს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ სივრცეში კოლექტიური უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გამყარების საქმეში.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის აგრესიამ, გასული 25 წლის მანძილზე და 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ საქართველოში, წარმოშვა მრავალი ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც მრავლადაა ტერიტორიული კონფლიქტები და გეოგრაფიულად ახლოს ვართ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებთან. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვიკავია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა და წარმოვადგენთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ლოჯისტიკურ და ენერგოდერეფანს.

ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენი მეზობლების ქმედებების კონტროლი, მაგრამ ამასთანავე, არ უნდა ვიქცეთ მათი ქმედებების მძევლად. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვემხრობით კარგ სამეზობლო ურთიერთობებს, თავისუფალ და ღია ვაჭრობას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. არასდროს გამოვიყენებთ პირველები ძალას ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ჩვენ ველოდებით სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობას ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებში სრულად გაწევრიანების გზაზე".

დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება", „რესპუბლიკელები", „კონსერვატორები", „ეროვნული ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები" და „ნაციონალური მოძრაობა".