საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-15

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა.
„ის რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მთელს საქართველოს, მთელს საქრისტიანოს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს ჩვენი ქვეყნისა და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ვუსურვებ უკეთეს ხვალინდელ დღეს! „ - განაცხადა პრემიერმა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.
მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური