საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-19

პრემიერ-მინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს ოფიციალური ვიზიტისთვის, რაც თურქეთში განხორციელებული მოვლენების ფონზე საქართველოს მხრიდან გამოვლენილ უდიდეს მხარდაჭერად შეაფასა. ბინალი ილდირიმის თქმით, ამბოხების პირველივე საათებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ ხალხს გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თურქეთი მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას.

"ინდიკატორი იმ პოტენციალისა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს გააჩნია, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ჩვენ მოგვეცა საშუალება, დაგვეფუძნებინა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. იმ შეთანხმებებით, რასაც დღეს მოეწერა ხელი, ერთი ნაბიჯით მაღალ საფეხურზე ავიდა ჩვენი ურთიერთობები. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის საქართველოს ხალხის სოლიდარობის გამოხატულება თურქი ხალხისადმი იმ მოვლენების ფონზე, რაც ვიხილეთ," - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საინვესტიციო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს, აბრეშუმის გზის ისტორიულ პროექტს.

"თურქეთს და საქართველოს გააჩნია ისტორიული კავშირები, ჩვენ გავედით სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე. ჩვენი ურთიერთობა ევროინტეგრაციის მიმართულებითაც საინტერესოა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობებში. საქართველომ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი - ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის პერიოდი. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეს იგი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგებშია. ეს წინსვლა უკავშირდება ჩემს კოლეგას და მის გუნდს,"-განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთალიანობისადმი და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მიესალმება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მან მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთის სტაბილურობა და მისი დემოკრატიული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა ჩვენი სატელეფონო ზარი, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეს ვიზიტი დაგეგმილ დღეს უნდა გამართულიყო. ვიდრე ეს საუბარი შედგებოდა და ვიდრე ამბოხი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მე პირადად გავაკეთე მხარდამჭერი განცხადება თურქეთის ხელისუფლების მიმართ. ეს განცხადება მხოლოდ პირად მეგობრობას არ ეფუძნებოდა, ეს იყო გამოხატულება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური, დემოკრატიული თურქეთის შეუფერხებელი განვითარება რეგიონში სტაბილურობისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. სტაბილური და ძლიერი თურქეთი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ, მინდა მკაცრად დავგმო ახლახან განხორციელებული გადატრიალების მცდელობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კანონიერ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას," - აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ორი ქვეყნის პოლიტიკური ნება, განავრცოს სტრატეგიული პარტნიორობა. გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და საერთო ინტერესის საკითხების წამოწევას.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს თანამშრომლობის ყველა სფერო და ისაუბრეს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

"განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. აღვნიშნეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა, ვინაიდან ჯერაც გამოუყენებელია შესაძლებლობების გარკვეული პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, გავაფართოოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მაქსიმალურად გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. ახლო მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისათვის. დავაფიქსირეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. კმაყოფილებით აღვნიშნეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, გარემოს დაცვისა და საბაჟო სფეროში და ვისაუბრეთ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი დახვეწის აუცილებლობაზე," - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულს მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

"ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. უხეშად ირღვევა აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სიცოცხლის უფლებები," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური