საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა ან კახა კახიშვილის კანდიდატურების განხილვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ ,სადაც მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის არის," - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე განმარტება გააკეთა კორცხელის ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბრალი წარდგენილია, პროცესი არის სასამართლოში და მიმდინარეობს გამოძიება.

"ასეთი საქმე აღქმებზე და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული, არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება, პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, ერთადერთი, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი და შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გაიმარჯვებს, რომელსაც გააჩნია ყველა რესურსი მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს ქვეყანაში. მისივე თქმით, პარტია განახლებული გუნდით წარსდგა, თუმცა ძალიან ღირებულია ის ადამიანები, რომელთაც წვლილი შეიტანა 2012 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებაში.

"მე მგონი ძალიან სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ გუნდს ამ არჩევნებისთვის. ახალი გუნდი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ახალი იქნება. ჩვენ წარვადგინეთ 15 ძალიან საინტერესო ახალი წევრი. ასევე, მაჟორიტარებში იხილავთ ბევრ ახალ სახეს და ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ძალიან ღირებულია თითოეული ის ადამიანი, რომელმაც ეს გამარჯვება 2012 წელს მოიტანა. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად, ერთ დიდ გუნდად. მაგრამ, ის რაც მოჰყვა სპეკულაციები ახალი სახეების წარდგენას, რომ თურმე გამოცდილება პარლამენტში არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, უნდა გავაწბილო ყველა და ვთქვა, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენ წარვადგინეთ, დაადასტურებს, რომ ის არის ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი, მათ შორის პოლიტიკოსი. მე მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენს ოპონენტებს ის, რომ ჩვენ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში. ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი თავდაჯერებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ყველა უჯრედით ვგრძნობ, რომ "ქართულ ოცნებას" გააჩნია ყველა რესურსი, რომ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში და არა მარტო არჩევნებში გაიმარჯვოს, მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს იქნება ის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეიდან 4 წლის თავზე საქართველო იქნება შეუქცევადი განვითარების ეტაპზე, როდესაც მას ვერავინ მოაბრუნებს წარსულისკენ და ჩვენ ვიქნებით ქვეყნის გამაერთიანებლები და არა გამყოფები ჩვენი საზოგადოების,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა თურქეთში განხორციელებული ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა. მანვე კომენტარი გააკეთა შაჰინის სკოლის სკანდალთან დაკავშირებით.

"ასეთი განცხადება კონსულის მხრიდან არ ყოფილა, იყო არასწორი ინტერპრეტირება განცხადებისა და გაკეთდა შესაბამისი განმარტება. ვიზიტი თურქეთში იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რომელიც გვქონია. მივაღწიეთ ძალიან ბევრ რეალურ შეთანხმებას. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ახალი მოლაპარაკების გახსნა და გაფართოება იმ ჩამონათვალის, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გავა ექსპორტზე თურქეთის ბაზარზე. ეს არის ახალი მოლაპარაკების გახსნა ჰიდროელექტროსადგურის შესახებ, რომელიც მტკვარზე შენდება. ხელშეკრულება ადრე იყო ხელმოწერილი, 5 წლის წინ და უკვე მეცნიერული, კვალიფიციური, გარემოს დაცვის დასკვნების საფუძველზე გაკეთდება ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება სავარაუდოდ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე პრობაციონერები, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან და მათ არა აქვთ დღემდე უფლება, გავიდნენ თურქეთის ფარგლებს გარეთ, მათ მიეცემათ საშუალება, რომ პრობაციის პერიოდი საქართველოში გაიარონ. ასევე ხელმოწერილი იქნა ტრანსპორტის სფეროში ორი ხელშეკრულება, ჯანდაცვის სფეროში ხელშეკრულება, სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და დეკლარაცია, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო დავაარსეთ. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ თურქეთს და სამხედრო გადატრიალება ჩვენთვის არის მიუღებელი," - აღნიშნა კითხვაზე, ხომ არ შეუშლის თურქეთში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ყველა პირობა შესრულებული აქვს.

"საკანონმდებლო ცვლილება, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, არის ინდივიდუალურად წარდგენილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პაკეტის ნაწილი. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური